თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ანტიკორუფციული მოძრაობის წევრებს ვასო ურუშაძესა და ლაშა ფარულავას მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის ჯარიმის სახით 5 000 - 5 000 ლარი დააკისრა.
მოსამართლე გოჩა დიდავამ მიიჩნია, რომ მოძრაობის წევრების მიერ გაკეთებული განცხადებები ტელეეთერებში "ცილისმწამებლური" იყო.
გარდა ამისა, სასამართლომ მოძრაობას მამაცაშვილის მიერ სარჩელის შეტანისთვის გადახდილი ბაჟის 50 ლარისა და სარჩელზე წინასწარი გადახდილი ბაჟის ასანაზღაურებლად 150 ლარის გადახდა დააკისრა. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვასო ურუშაძესა და ლაშა ფარულავას დააკისრეს უჩა მამაცაშვილის მიერ გადახდილი ადვოკატის მომსახურების ხარჯის (600 ლარის) ანაზღაურება.
გადაწყვეტილებას სამარცხვინო უწოდეს მოძრაობის წევრებმა ლევან ხაბეიშვილმა და ვასო ურუშაძემ და სხდომათა დარბაზი დატოვეს.
საქმე ეხება ე.წ ქოლცენტრების საქმეს. მოძრაობამ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი ამ სქემასთან კავშირში დაადანაშაულა, რაზეც მამაცაშვილმა "ცილისწამებისთვის" სასამართლოში იჩივლა და მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 150 000 ლარს ითხოვდა.
ბიზნესმენი უჩა მამაცაშვილი გასულ წლებში ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის დირექტორის მოადგილის და საქართველოს რკინიგზის დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. მან 2017 წლიდან საინვესტიციო ფონდი Middle Seas Capital-ი დააფუძნა.